English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ელისაბედ ბალიაშვილი
ერთხელ კიდევ საქართველოს მთიანეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.02.Baliashvili

ანოტაცია

სტატიაში - „ერთხელ კიდევ საქართველოს მთიანეთის ტურისტული პოტენ­ციალის შესახებ“ - როგორც მისი სათაურიც გვიჩვენებს, განხილულია ტურიზმის განვითარების პოტენციალი საქართველოში მისი მთიანი ნაწილის - სვანეთის, ხევსუ­რეთის, თუშეთის, ფშავის და სხვა მთიანი მხარეების კონტექსტში.

სათანადო ინფორმაციით სტატიის ავტორი ასაბუთებს, რომ საქართველოს ამ მთიან მხარეებს დიდძალი ტურისტული სიმდიდრე გააჩნიათ და თუ რამე უშლის ხელს იქ ტურიზმის ინტენსიურ და ფართო მასშტაბით განვითარებას, ეს არის მათი კეთილ­მოუწ­ყობლობა. მთავრობის მხრიდან მთის მიმართ პასიური დამოკი­დებულება, ავტორის აზრით, საბჭოური მემკვიდრეობაა, ხოლო მთის კეთილმოწ­ყობაზე დახარჯული სახს­რების სიმცირე - „ინვესტიციური ახლომხედველობა“.

თავისი მოსაზრებებით და სხვა მეცნიერთა ნაშრომებიდან მოყვანილი ამონარი­დებით ავტორი ასაბუთებს, რომ საქართველოს მთიანეთს, ტურიზმის გარდა, სხვა დარგის განვითარების ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ საქართველოს მთიანეთი მხოლოდ ტურიზ­მისთვის უნდა გამოვაცხადოთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად და მივცეთ ყველა საჭირო შეღავათი. საქართველოს მთიანეთის კეთილმოწყობის და იქ ტურიზმის განვითარების საუკეთესო მაგალითად ავტორს ურუგვაი მიაჩნია. 

საკვანძო სიტყვები: მთიანეთი; მთის ტურიზმი; მთიანეთის ტურისტული პოტენციალი; მთიანეთის ინფრასტრუქტურა. 

შესავალი

საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ბევრი იწერება. მისით დაინტე­რესდნენ მეცნიერებიც და პრაქტიკოსებიც. საქართველოში იგი ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად არის მიჩნეული. ტურიზმის განვითარებით არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა დაინტერესებული. მასზე მოთხოვნა დიდია, მისი დაკმაყოფილების დანახარჯები კი - შედარებით მცირე.

ქართველი მეცნიერის ვლ. პაპავას აზრით, „მხოლოდ ტურიზმით ფეხზე ვერ დავდგებით“ [1, გვ. 8]. ჩვენი აზრით, ეკონომიკის ეს სექტორი საქართველოს იმ რეგიონებში უნდა განვავითაროთ, სადაც სხვა დარგები ვერ განვითარდება, და სადაც ტურიზმის განვითარებისთვის  უნიკალური რესურსია თავმოყრილი. ჩვენს ქვეყანაში  კი ასეთს   საქართველოს მთიანეთი წარმოადგენს.  მისი დასახლებები ბუნებ­რივი, ეკონომიკური,  სოციალური და  ეთნოკულტურული თავისებუ­რებების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც დაბლობის საცხოვრებელი არეალებისგან, ისე ერთმანეთისგანაც.

ყველასათვის ცნობილია,  რომ მთის განვითარებისადმი განსაკუთრებული პოლიტიკის გატარების საჭიროება აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. 2012 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ მდგრად განვითარებასთან დაკავ­ში­რებულ გაერთიანებული ერების კონფერენციაზე კვლავ დადასტურდა მაღალ­მთიან რეგიონებში მდგრადი განვითარების აუცილებლობა. საქართველოს მთავრობა მიერთებულია „რიო +20-ის“ 2012 წლის N66/288 დეკლარაციას და შესაბამისად აღებული აქვს მთის რეგიონების მდგრადი განვითარების ვალდებულება საერთა­შორისო დონეზე, რაც უდავოდ მისასალმებელია.  

****

არის ასეთი მოარული ფრაზა: „მთის გადარჩენა ქვეყნის გადარჩენას ნიშნავს“-ო. ეს ფრაზა, ალბათ, უფრო ქვეყნის თავდაცვის მნიშვნელობითაა შექმნილი, რადგან მთა ერთგვარი ზღუდეა, დაბრკოლებაა მტრისთვის და არა ეკონომიკის განვი­თარების მნიშვნელობით. თუმცა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, საქართ­ველოს მთას, თვით მაღალმთიანსაც კი, და მის მუდმივი თოვლ-ყინულით დაფარულ მწვერვალებს - მყინვარწვერს, თეთ­ნულდს, შხარას და სხვებს, ეკონომიკური განზომილებაც გააჩნიათ.  ამ განზომილებას მას მხოლოდ ტურისტები აძლევენ - ვიღაცას მათი დალაშქვრა სურს, ვიღაცას კი - მხოლოდ მათი მზერით ტკბობა. ამაში ისინი მყარ ვალუტას იხდიან, რომელიც ქართველ ხალხს - მშიერს, ჩაუცმელს, დაუხურავს - ძალზე სჭირდება.

ცნობილია, რომ შემოსავლებში მოსახლეობის უთანასწორობა მსოფლიოში კი არ მცირდება, არამედ იზრდება. განვითარებულ ქვეყნებში ამჟამად მდიდართა კლასის ზედა 1%-ის შემოსავალი მთლიანი შემოსავლის 10%-ია [2]. აშშ-ში სიმდიდრის ერთ მესამედს მოსახლეობის 1% ფლობს, ხოლო, ასევე, 1%-ის ხელშია მსოფლიო სიმდიდრის თითქმის ნახევარი [3]. მსოფლიო სიმდიდრე კი ცოტა არ არის. იგი 110 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამ სიმდიდრის გარკვეულ ნაწილს მისი მეპატრონეები დასვენე­ბისა და მოგზაურობისთვის ხარჯავენ. განსაკუთ­რებით მოსწონთ  მათთვის უცნობი, თვითმყოფი მხარეები. ერთ-ერთი ასეთია საქართველო.

ისედაც ტროპიკულ აფრიკაში, მიმდინარე გლობალურმა დათბობამ კილი­მანჯაროს მთაზე თოვლის დნობას შეუწყო ხელი. ტანზანიაში „ტირიან“ - მდიდარი ტურისტები შეგვიმცირდებიანო. მათ, მხოლოდ ეს ერთი მაღალი მთა აქვთ, ჩვენ კი მრავალი - თოვლიანიც და უთოვლოც...

მთებს საქართველოში ორ მესამედზე მეტი უკავია: საქართველოს ტერი­ტორიის 26,7% - 500 მეტრზეა ზღვის დონიდან, 24,7% - 500-დან 1000 მეტრზე, 19,1% - 100-1500 მეტრზე, 31,5% - 1500-3000 მეტრზე, ხოლო 1,5% - 3000 მეტრზე ზევით მდებაროებს [4, გვ. 109-110].

მთიანეთის განვითარების პრობლემის მიმართ განსაკუთრებით შეიცვალა დამოკი­დებულება რიო-დე-ჟანეიროს სამიტის შემდეგ, რომელიც ჩატარდა 1992 წელს და, რო­მელზეც მთიანეთის განვითარების ფუძემდებლურ კონცეპტუალურ და მეთოდოლო­გიურ ბაზად ამავე სამიტზე მიღებული მდგრადი განვითარების კონცეფცია იქნა აღიარე­ბული. ამას მოჰყვა ამ პრობლემისადმი მიძღვნილი სხვა­დასხვა სამიტები (ინდონეზიის - 2002 წელს, იოანსბურგის - 2002 წელს, ბიშკეკის - 2003 წელს), რომელთა შემდეგაც „მთიანეთის მიმართ მეცნიერების მიდგომები ერთმანეთს დაუახლოვდა  და მიღწეულია კონსენსუსი: მთიანეთი განიხილება, როგორც უნიკალურ ფუნქციურ-ტერიტორიული წარ­მონაქმნი, რომელიც განმ­საზღვრელ როლს ასრულებს მსოფლიოს (შესაბამისად, ქვეყ­ნების) განვითარების პროცესში. დაკონკრეტდა მთიანეთის როლი და მნიშვნელობა გლობალური ­ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა მთის რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განმტკიცებას, კერძოდ, ცხოვრების წესს, მეურნეობის ტრადიციებს, ფოლკლორის მრავალ­ფეროვნებას და სხვას“ [4, გვ. 110].

მდგრადი განვითარების საკითხი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლო­­გიური განვითარების მაგისტრალურ მიმართულებას წარმოადგენს. იგი რთულ საზოგადოებრივ პროცესებს მოიცავს. გაეროს შეფასებით, „იგი უნდა პასუხობდეს თანამედროვე საზოგა­დოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ამავდროულად მომავალი თაობების განვი­თარების ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს [5, გვ. 128]. მდგრადი განვითარების კონცეფცია ფართოდ განიხილება ქართველი მეც­ნიე­რების მიერაც. მდგრადი ტურიზმის განვითარების ტრანსდისციპლინურ კვლევაზე ნაშრომები გამოაქვეყნეს პროფესორმა ი. ხელაშვილმა [6] და პროფესორებმა ი. იაშვილმა და თ. დოღონაძემ [7]. პროფესორმა ი. ხელაშვილმა საქართველოს მთიანი, შავიზღვისპირა და დაცული ტერიტორიების მაგა­ლითზე, პროფესორებმა ი. იაშვილმა და თ. დოღონაძემ კი - იმერეთის სოფელ ყუმისთავის მაგალითზე.

ქართველი მეცნიერების დაინტერესება მდგრადი ტურიზმის განვითარებით იმაზე მიგვანიშნებს, რომ ტურიზმს, განსაკუთრებით სამთო ტურიზმს, თუ მისი განვითა­რებისას გათვალისწინებული იქნა მაღალმთიანი რელიეფის რისკები, მნიშვ­ნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საქართველოს მდგრად განვითა­რებაში.

ზოგადად, საქართველოს ტურიზმის ეკონომიკური პრიორიტეტულობის კრიტე­რიუმებს შორის ერთ-ერთია რეგიონული ეკონომიკური განვითარების დონის გამოთა­ნაბ­რების რეზერვების არსებობა, რომელსაც იძლევა ტურისტული პოტენციალის ბუნებრივ-გეოგრაფიული განლაგება ქვეყნის ტერიტორიაზე [8, გვ. 224].

ამ მხრივ განსაკუთრებით მისახედია საქართველოს მთიანი რეგიონები, რომლებიც იცლება მოსახლეობისგან სამუშაო ადგილების არქონის გამო.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს აქვთ უნიკალური ტურისტული რესურ­სების უაღრესად დიდი მარაგი და მთელი წლის განმავლობაში მათი ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. მაგრამ ამ რესურსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მდგრადი განვითარების პრინციპების ფარგლებში [9, გვ. 442].

საქართველოს მთის რესურსები წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ტუ­რიზმის სამთო, გამაჯანსაღებელი,  სპორტული და სათავგადასავლო ტურიზმის ისეთი სახეების, როგორიცაა - მთამსვლელობა, სამთო-საფეხმავლო ტურიზმი, მეკლდეურობა სამთო-სათხილამურო ირაიტინგი და ფრისტალი, სამთო-ველოსა­ხეობები, რაფტინგი, გაყინული ჩანჩქერების გავლა და სხვა, რომლებზეც მოთხოვნა მსოფლიოში სულ უფრო იზრდება.

ქართველ მეცნიერს კ. არაბულს საქართველოს მთიანეთის განვითარება და მთაში ადგილობრივი მოსახლეობის დაკავება მხოლოდ ტურიზმით წარმოუდგენია და ამას იგი ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით [10, გვ. 447]:

  1. სასარგებლო სამიწათმოქმედო ფართობების სიმცირე.
  2. დამუშავებული ფართობების მცირეკონტურიანობა, ტერიტორიული დაქ­საქ­­სულობა და დიდი დახრილობა.
  3. მძიმე კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობების გამო მცირე მოსავლიანობა.
  4. სოფლის მეურნეობაში მექანიზაციის დანერგვის სიძნელე.
  5. მრეწველობის განვითარების არახელსაყრელი პირობები.

მეცნიერ კ. არაბულის ეს არგუმენტები სრულიად საკმარისია საქართველოს მთიან მხარეებში - სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ხევსურეთში, თუშეთში, სამცხე-ჯავახეთში, მთიულეთში, ფშავში, მთიან აჭარაში და სხვაგან - ტურიზმის მაღალ დონეზე განვი­თარების დასასაბუთებლად. ეს არგუმენტები სრულიად საკმარისია იმისთვისაც, რომ საქართველოს ამ მხარეებს მიეცეს ტურისტული სპეციალიზაცია, თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი და ასე დაფიქსირდეს იგი საქართ­ველოს გრძელვადიანი განვითარების გეგმაში: დღეს მათ ასეთი სტატუსი არ აქვთ.

ამასთან, საჭიროა სამთო ტურიზმისთვის შეიქმნას და ამუშადვეს სპეცია­ლური საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა თავისუფალი ზონის კონტექსტში, რომელშიც გათვა­ლისწინებული იქნება მისთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭება და სახელმ­წიფოს პრივილეგიური მხარდაჭერა იაფი კრედიტების მიღებაში. ასეთი მხარდაჭერით სამთო ტურიზმი შესამჩნევ წარმატებებს მიაღწევს და, რაც მთავარია, მთის სოფლები აღარ დაიცლება მოსახლეობისგან. ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ტურისტების მომსა­ხუ­რებაში და ექნებათ შემოსავალი. ამის კარგი მაგალითია კარპატები, რომელიც პოტენ­ციურად საერთაშორისო ტუ­რიზმის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დესტი­ნაციას წარმოადგენს [11].

მაგრამ სამთო ტურიზმის განვითარებას აქვს ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ იგი სეზონურია და ზამთრის პერიოდში, გარდა ტურიზმის ზამთრის სახეობებისა, მასზე მოთხოვნილება მცირდება. თუმცა, ეს ფაქტები არ უნდა მივიღოთ გადაულახავ წინააღმდეგობად, რადგან, ზამთარი მხოლოდ სამ თვეს გრძელდება და თუ დანარჩენ სეზონებზე (გაზაფხული, ზაფ­ხული, შემოდგომა) მთას ტურისტებით კარგად დავტვირთავთ, მთის მოსახლეობა საკმარის შემოსავალს მიიღებს. ამის გარდა, სეზონურია სოფლის მეურნეობაც, მაგრამ ამის გამო, რომელიმე ქვეყანას უთქვამს უარი მის განვითარებაზე?

საქართველოს მთიანეთში ტურიზმის განვითარება დაწყებულია, მაგრამ იგი რამდენადმე უსისტემოდ ხორციელდება, განსაკუთრებით ეს ეხება ტურისტების მომსახურების კერძო საწარმოებს - კვების ობიექტებს, საოჯახო სასტუმროებს და სხვებს. მოთხოვნა საკუთარ პროდუქტზე მათ არ იციან, რადგან, მათ ბაზრის შესწავლის არც განათლება აქვთ, და, რომც ჰქონდეთ, მათ შესაბამის ინფორ­მაციაზე არ აქვთ წვდომა. საქართ­ველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ამ ფუნქციას რამდენადმე თვითონ ახორციელებს, მაგრამ, იგი მთის რეგიონებისთვის მას ცალ-ცალკე არ სწავლობს. არადა, როგორც აღვნიშნეთ, ყველა რეგიონი განსხვავებულია და პრობლემებიც შეიძლება არაიდენტური იყოს. ეს უდუდესი შეცდომაა. აღნიშნული გარემოება კი  მოითხოვს რეგიონების მიხედვით დიფერენცირებულ და, ამავე დროს, ყველა დონეზე ლოგიკური კავშირის მქონე ტურიზმის სტრატეგიული განვითარების პროგრამების არსებობას. სამწუხაროდ,  საქართველოს რეგიონებთან მიმართებაში ან არ არსებობს ასეთი პროგრამები, ან არსებული პროგრამების სტრუქტურა და შინაარსი მეცნიერულად დამუშავებულ პროგნოზირების საფუძვლების ნაკლებობას განიცდის.[12] 

ამ ჭრილში ამ საკითხის შესწავლა იმიტომ არის აუცილებელი, რომ საქართველოს მთიანი ადგილები ურთიერთგანსხვავებულია და ისინი ტურისტებს სხვადასხვა სახის ტურისტულ მომსახურებას სთავაზობენ. მათგან ვერც ერთი მათგანი ავტოგზებით, თუ სატრანს­პორტო და სასტუმრო მომსახურებით ტურისტებს (განსაკუთრებით, უცხოელ ტუ­რისტებს) ვერ გააკვირვებს, მაგრამ, სანახაობითი ტურებით, სასიარულო და საწყალოსნო მარშრუტებით, საექსკურსიო-შემეცნებითი ტურებით, სათხილამურო და თევზსაჭერი ტურიზმით, ბუნების ძეგლებით და სალაშქრო ხეობებით - კი.

ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება სვანეთის უნიკა­ლური ბუნებრივი ლანდშაფტი და ტურისტული ადგილები [13, გვ. 50]: მღვიმე (ზარგაში); სათევზაო ტურიზმი (ჭუბერი, ლახამულა, იფარი); საცხენოსნო ტურიზმი (მესტია-ჟაბე-ადიში-იფრალი-უშგული); ბუნების ძეგლები (მდ. ღალდე-ჭალადის აუზის ზემოწელში „ფეხულის ქვის“ ლოდი, ადიშის ყინულარდნილი); სალაშქრო ხეობები (თვიბერი-ჟაბეში, უშგული-შხარის მყინვარი, უშბის მყინვარი და სხვები), გადმოსახედი ადგი­ლები (მესტია, ზურულდი, გვალდი, ჰაწვალი, ჰეშკილდი); სამთო-სათხილამურო ადგილები, საჯომარდო ადგილები (ჭალა, ბეჩო, ნაკრა (ზედა წელში), უშგული) და სხვა მრავალი.

არანაკლები რესურსული შესაძლებლობები აქვს რაჭა-ლეჩხუმს, თუშეთს, ხევსუ­რეთს და სხვა მთიან ადგილებს. იმის მიუხედავად, რომ რაჭა-ლეჩხუმში ბუნების ძეგლებიც მრავლადაა, მდინარეები და ტბებიც და სალაშქრე ხეობებიც, რომელთა მეშვეობით ეს მხარე მრავალნაირ ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს ვიზიტორებს, ტურისტები პრიორიტეტულად მაინც თვლიან სოფლის ტურიზმს, კერძოდ, რეკრეაციულ ტურიზმს. ეს არჩევანი კვლევითაა დადგენილი [14, გვ. 175]. რადგან ეს ასეა, საჭიროა მისი უზრუნ­ველმყოფი პროგრამების შექმნა.

თუშეთი, სადაც უკვე 47 საოჯახო სასტუმროა გახსნილი [6, გვ. 141], ტუ­რისტებს აინტერესებთ ულამაზესი პეიზაჟებით, მთებში და ჭიუხებში მოგზაუ­რობით, მთის მდინარეებზე თევზაობით, ჯიხვებზე ნადირობით, თუშური ოჯახების ყოფა-ცხოვრების დათვალიერებით - ლუდის ხარშვა, მატყლის ჩეჩვა, პაჭიჭების ქსოვა, „მაჭკატების“ ცხობა და ა. შ.

ასევეა ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთი და ხევი. ეს მხარეებიც ტურისტებს სთავაზობს ულამაზესი ბუნების სანახაობას, სათევზაო და საცხენოსნო ტურიზმს, წყალჯომარდობას, თხილამურებით სრიალს (გუდაური) და სხვა მრავალს.

საქართველოს მთიანეთში არსებული ასეთი უამრავი ტურისტული რესურსის მიუხედავად, კვლევის თანახმად, რომელიც 2016 წლის მაის-აგვისტოში ჩატარდა, საქარ­­თ­ველოში შემოსულ უცხოელ ტურისტთაგან გუდაური მოინახულა მხოლოდ 3,8%-მა, მესტია და უშგული - 6,7%-მა, ყაზბეგი - 10,5%-მა, ბაკურიანი - 3,2%-მა. ასეთ დროს, ქუთაისი მოინახულა - 13,8%-მა, ბორჯომი - 15,2%-მა, სიღნაღი და გორი - 11,7%-მა [14, გვ. 44]. ჩვენი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ უცხოელი ტუ­რისტები ნაკლებად არიან ინფორმირებული საქართველოს მთიანეთზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია მთაში არსებულ ღირსშესანიშნაობებთან მისასვლელი გზების სავალალო მდგომარეობაც, ხოლო ხევსურეთში, ხევსა თუ თუშეთში კი - განთავსების ადგილების ნაკლებობა (მოთხოვნა სჭარბობს მიწოდებას) [14, გვ. 56]. საქმე ის არის, რომ ყველგან საქართ­ველოში, მთაშიც და ბარშიც, საოჯახო სასტუმროების გახსნა მხოლოდ შედარებით შეძლებულმა ოჯახებმა შეძლეს (ღარიბი ოჯახებისთვის ასეთი ხარჯის გაღება შეუძ­ლე­ბელია), ისინი კი მოსახ­ლეობის მეტად მცირე ნაწილს შეადგენენ. თუ მთიან რეგიონებს ტურისტული სტატუსი მიეცემა და, ამასთან, მოსახლეობა კრედიტებსაც დაბალი პროცენტით აიღებს, მაშინ ღარიბი ოჯახებიც შეძლებენ საოჯახო სასტუმროების გახსნას და ეს პრობლემა მოიხსნება.

საქართელოს მთიანეთში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი დიდი გულშემატ­კივარი - პროფესორი კობა არაბული წერს: „ამ საკითხზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, როცა ქვეყნის ისტორია, მისი სულიერი და ყოფითი კულტურა ამის საშუა­ლებას იძლევა... მთავარია ის, რომ თითოეულ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შესაძ­ლებლობები უნდა ვეძიოთ მხოლოდ იმაში, რითაც ეს ქვეყანა, ეს ხალხი არის უნიკალური... საქართველოს მაგალითზე, მთელი ეს სიმდიდრე, როგორც იტყვიან ხელის გულზე დევს...“ [10, გვ. 474].

საქართველოს მთის, კერძოდ ხევსურეთის მეორე გულშემატკივარი იაგო არაბული, პროფესიით გერმანისტი, 2018 წლის 22 მარტს, ქ. ბერლინში ქართული საზოგადოე­ბისთვის წაკითხულ მოხსენებას თემაზე - „ხევსურეთი - თანამედ­როვეობა და წარსული“, ასე ამთავრებს: „ჩვენ ჯიუტად ვცდილობთ ძველი წეს-ჩვეულებების და ტრადიციების შენარჩუნებას და ოჯახებისთვის ჩვენი ტურის­ტული აქტივობით დამატებით შემოსავ­ლების გაჩენას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხევსურეთს დღეს სჭირდება სწორი, ეფექ­ტიანი, რაციონალური პოლიტიკა, ინვესტიციები და ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს“ [15, გვ. 35].

ჩვენი აზრით, ერთიც მართალია და მეორეც. თანაც, ეს სიმართლე ეხება არა მხოლოდ ხევსურეთს, არამედ საქართველოს მთიანეთის ყველა მხარეს - თუშეთს, რაჭას, ფშავს, მთიულეთს, ხევს, სვანეთს და სხვებს. კობა არაბული მართალია იმაში, რომ ამ მხარეებში ყველგან ტურისტული სიმდიდრე თითქმის პირველ­ყოფილი სახით მართლაც ხელის გულზე დევს და გამოყენებას ელოდება. იაგო არაბული კი მართალია იმაში, რომ საქართველოს მთიანი მხარეების სოფ­ლები თითქმის დაცლილია ახალგაზრ­დობისგან, მოხუცებს კი, სამეწარმეო ცოდნა არა აქვთ. მთიდან ახალგაზრდობა ან ბარში (ქალაქებში) ჩამოდის სამუშაოს საშოვ­ნელად, ანდა ემიგრაციაში მიდის საზღვაგარეთ.

მთის კიდევ ერთი ჭირისუფალი, ხევსურეთში მცხოვრები პოეტი ნიკო ზვიადაური თავის ერთ-ერთ ლექსში უფალს შესთხოვს: „უფალო გადაარჩინე ყუნწზე მისულებ ფხოვლები!“ [16, გვ. 56]. ეს მდგომარეობაც მხოლოდ ფხოვში, ანუ ფშავ-ხევსურეთში არ არის. იგივე მდგო­მარეობაა რაჭაში, თუშეთში, მესხეთსა და სხვა მთიან ადგილებში. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სვანეთში.

დიახ, ტურისტული სიმდიდრე გვაქვს, მაგრამ, ადგილობრივი მოსახლეობა ისე კატასტროფულად შემცირდა, რომ ფაქტობრივად ამ სიმდიდრის მომხმა­რებელი აღარ დარჩა.  „2014 წლის აღწერის მონაცემებით, მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე დასახლებებში დაახლოებით 331.4 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 28%-ით ნაკლებია”[17, გვ. 15]. არც დღეის მდგომარეობა იქნება სახარბიელო, ვითარება მხოლოდ და მხოლოდ უარესდება.  

კარპატებში 1,3 მლნ ადამიანი ცხოვრობს და მათაც უჭირთ ტუ­რიზმის უზრუნ­ველყოფა სათანადო კადრებით [11], ჩვენს მთიანეთში კი, მოსახლეობა, როგორც პოეტი ნიკო ზვიადაური წერს, „ყუნწზეა“ მისული. ამიტომ საქართველოს მთიანეთში, უპირ­ველესად, უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა - გზები, ხიდები, კომუნალური მეურ­ნეობა და სხვა, რომ მოსახლეობამ დაიწყოს დაბრუნება. პარალე­ლურად კი, ტურიზმის განვითარების მიმართულებით ისეთი კომპლექსური ღონის­ძიებები უნდა განხორ­ციელდეს, როგორიც განხორციელდა და დღესაც ხორციელდება ურუგვაიში, რომელშიც ჩართულია ქვეყნის მთავრობა მთლიანად, ეროვნული კონგრესი, რეგიონული მმართვე­ლობები, ტურიზმის კომისია, წარმომადგენლობითი პალატა, კერძო სექტორი, ტუროპე­რა­ტორები და კერძო პირები [11].

საქართველოს საბაზრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, გზების მოვლა-შენახვის, ახალი მაგისტრალების, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მშენებლობაზე 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 1387,7 მლნ ლარი [18]. გრანდიოზული ციფრია! ამ თანხაში რომ მთიანეთის კეთილმოწყობა პრიორიტეტი ყოფილიყო, მაშინ, ამ ორ წელიწადში ბარიდან მთაში მოსახლეობის „დიდი დაბრუნება“ დაიწყებოდა. ან ამ თანხის ნაწილი მოხმარებოდა ტურისტული რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას. დღეს საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე მიმდინარე ტენდეციებმა აჩვენა, რომ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნების წარმატებისათვის მნიშვნელოვანი ხდება არა იმდენად ტურისტული რესურსების არსებობა, რამდენადაც   მისი ოპტიმალური გამოყენება ინოვაციური მართვის მეთოდების გამოყენებით. [19]

რადგან ეს პროცესი არ დაწყებულა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფ­ლებამ მთის დანიშნულება და მნიშვნელობა ვერ გაიცნობიერა.

ამიტომ იწერება ამ თემაზე სტატიები ხშირად. ეს სტატიაც ამიტომ დაიწერა. მთას ტურიზმის გარდა, სხვა რესურსი არ აქვს, ტურიზმს კი, მაღალი შემოსავალი მოაქვს. ამიტომ, ჩვენი წინადადებაა, მივხედოთ საქართველოს მთიანეთს, კეთილ­მოვაწყოთ იგი და მხოლოდ ტურიზმისთვის გამოვაცხადოთ იგი თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ყველა იმ შეღავათებით, რომელიც ეძლევა ასეთ ზონებს. მაღალმთიანი რეგიონის შესახებ კანონის შემუშავება და მასში, მთაში დასაქმებულ­თათვის ხელფასზე 30 თუ 50 ლარის დამატება მთის დემოგრაფიულ სიტუაციას ვერ შეცვლის, ვერც ბავშვების შეძენაზე ერთ­ჯერადი 1000-1600 ლარიანი დახმა­რებები უშველის საქმეს. მთაში „რადიკალური გარღვევაა“ საჭირო. 

დასკვნა

საქართველოს მთიანეთს - ხევსურეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავს თუ სხვებს - ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლება პირდებოდა კეთილ­მოწყობას. ეს დაპი­რებები შემდეგშიც გაგრძელდა და დღესაც გრძელდება. საბჭოთა პირობებში ტურიზმი რიგითი დარგი იყო და მის განვითარებას  მთას არავინ არ უკავშირებდა. დღეს ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორია და სწორედ საქართ­ველოს მთებში დევს მისი განვითარების რესურსი. ასეთ დროს, საქართველოს ბიუჯეტის განა­წილებისას აშკარად სახეზე გვაქვს საბჭოური „მემკვიდრეობითობა“ და „ინვესტიციური ახლომხედველობა“. აშკარად გვეშლება არჩევანი. საქართველოს რომ განვითარებული სამოქალაქო საზოგა­დოება ჰყავდეს, რომელიც გააკონტროლებს ქართული სამთავრობო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, მაშინ არსებული ტრაექტორია შეიცვლებოდა. საქართ­ველოს მთიანეთის კეთილმოწყობა ტურიზმის განსავითარებლად, მთიანეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროექ­ტისთვის სოლიდური თანხების გამოყოფა საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესია. დაუშვებლად მიგვაჩნია მასების ინტერესების იგნორირება და ასეთი სახელმწი­ფოებრივი მნიშვნელობის საქმის „სახვალიოდ თუ საზეგაოდ“ გადადება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. პაპავა ვლ. ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გასაღები მედიცინაში ძევს. გაზეთი „კვირის პალიტრა“. 1-7 მარტი. 2021. გვ. 8.
  2. Alvaredo F., Atkinson B., Piketty T., Saez E. (2013). the Top 1-perscent in International and Historikal Perspective. NBER Working Paper 19075. National Bureo of Economic Besearch. Gambridge. Massachasets.
  3. Fuestes Nieva R. and Calasco N. (2014). Working for the Few-Political Capture and Economic Inequality.
  4. ჭითანავა ნ.. საქართველოს მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლო­გიური განვითარების თავისებურებები და პერსპექტივები. ნაშრომში - „საქართ­ველოს მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. თბ., 2010.
  5. Волянский С. К., Калюжный Д. В. Третый путь цивилизации. М., 2002.
  6. ხელაშვილი ი. მდგრადი განვითარების ტრანსდისციპლინარული კვლევების აქტუა­ლურობა ბიზნესში. ჟ. „ეკონომიკა და ბიზნესი“. #3. 2017. გვ. 131-143.
  7. იაშვილი ი., დოღონაძე თ. ტრანსდისციპლინარული კვლევა მდგრადი ტუ­რიზმის განვითარებისთვის. ჟ. „ეკონომიკა და ბიზნესი“. #2. 2018. გვ. 110-121.
  8. მეტრეველი მ. ტურიზმის ეკონომიკა და პოლიტიკა. თბ., 2011.
  9. გაბუნია დ., ქართველიშვილი გ. საქართველოს მთიანეთის ტურისტული რესურ­­სების ეფექტურად ათვისების ზოგიერთი ასპექტი. ნაშრომში - „საქართ­ველოს მთია­ნეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. თბ., 2010.
  10. არაბული კ. საქართველოს მთიანეთის ტურიზმის განვითარების თანამედროვე ასპექტები. ნაშრომში - „საქართველოს მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკური განვი­თა­რების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. თბ., 2010.
  11. კვარაცხელია ნ. კონკურენტული უპირატესობის მიღწევა ტურიზმში, როგორც პრაგმატული სახელმწიფო პოლიტიკის წარმატება, ურუგვაისა და უკრაინის მაგა­ლითზე. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერ­სიტეტის შრომები. თბ., 2010.
  12. Katsitadze N.(2020)Methodological Recommendations for Forming and Developing Priority Directions of Racha Rural Tourism ( “Economics and Business”).
  13. აფციაური მ. ტურიზმის განვითარების საინვესტიციო მენეჯმენტი, კვლევა. თბ., 2015.
  14. აბესაძე ნ., მინდორაშვილი მ., ფარესაშვილი ნ. უცხოელ ვიზიტორთა ტუ­რისტული ხარჯები საქართველოში. თბ., 2018;
  15. შრადე რ. ხევსურეთი, 1960-1977-2012. თსუ გამომცემლობა. 2015.
  16. ჯაფარიძე ს. სულის პური. თბ., „ჩვენი მწერლობა“. 2016.
  17. საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების  განვითარების სტრატეგია 2019-2023“. თბ., 2018.
  18. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2021-2024 წლებისთვის. თბ., 2020.
  19. Katsitadze N. (2018) State Policy in Tourism – Business (MICE) Tourism in Georgia,  “Economics and Business,” vol. XI, #4.